კონფლიქტი მთიან ყარაბაღში და მისი გავლენა სოციუმზე (აკრამ აილისლისის „ქვის სიზმრების“, გიუნელ მოვლუდის „ბანაკისა“ და ნარინე აბგარიანის შემოქმედების მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8297საკვანძო სიტყვები:
ტრავმული მეხსიერება, მთიანი ყარაბაღის ომის შემდგომი სამყარო და მისი გავლენა სოციუმზეანოტაცია
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არის ეთნიკური და ტერიტორიული დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელიც მთიანი ყარაბაღის რეგიონისა და მის გარშემო მდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობს. ეს კონფლიქტი სათავეს იღებს მე-20 საუკუნის დასაწყისში, მაგრამ განსაკუთრებით გამწვავდა 1980-იანი წლების ბოლოს, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესის ფონზე სომხებმა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა და აზერბაიჯანიდან გამოყოფა მოითხოვეს.
1992 წლის თებერვალში მომხდარმა „ხოჯალის ხოცვა-ჟლეტამ“[1] გამოიწვია მასობრივი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და მასშტაბური იძულებითი გადაადგილება. ეს ტრაგიკული მოვლენა გახდა კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი, რომელმაც გამოიწვია რეგიონის დემოგრაფიული ცვლილება და დღემდე რჩება დაძაბულობის წყაროდ ორ ქვეყანას შორის. კონფლიქტის გადაუჭრელობა კვლავ ახდენს გავლენას რეგიონულ სტაბილურობასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე სამხრეთ კავკასიაში. ყარაბაღის კონფლიქტს იძულებით გადაადგილებასთან ერთად მოჰყვა ეკონომიკური სირთულეები და ფსიქოლოგიური ტრავმა მრავალი ადამიანისთვის. მთიანი ყრაბაღის კონფლიქტმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ორივე ქვეყნის სომხეთისა და აზერბაიჯანის საზოგადოებებზე, რაც აისახა აქრამ აილისლის „ქვის სიზმრებში“, გიუნელ მოვლუდის „ბანაკსა" და ნარინე აბგარიანის მხატვრულ ნაწარმოებებში, სადაც გააზრებულად საუბრობენ ამ კონფლიქტის შედეგებსა და გავლენაზე.
აქრამ აილისლის „ქვის სიზმრები“, [2] გიუნელ მოვლუდის „ბანაკი“ და ნარინე აბგარიანის „განაგრძე ცხოვრება“ არის ნაწარმოებები, სადაც მწერლებმა შეძლეს უმძიმეს ადამიანურ მანკიერებებზე ამაღლებით საკუთარ თავში მტრობისა და სისასტიკის დამარცხება, საპირისპირო მხარის ტკივილის, ტანჯვის გასიგრძეგანება და გათავისება.
აქრამ აილისლი, ნარინე აბგარიანი და გიუნელ მოვლუდი - არიან მწერლები, რომლებიც საუბრობენ ყარაბაღის ომის და ომის შემდგომ პერიოდზე, საკუთარი მიწიდან, სახლიდან, შეჩვეული ყოფიდან გამოგდებულ, ყველანაირი საკუთრების დამკარგავი ადამიანების ბედზე.
მწერლები გადმოგვცემენ თავიანთი თვალით დანახულს და განცდილს. სამივე ავტორი ცდილობს მთელი სულისკვეთებით გადმოგვცენ ის ტკივილი და ტრავმა, რომლებიც ცვლიან ადამიანის ცხოვრებას. სამივე ავტორი საუბრობს იძულებით გადაადგილებულთა ეკონომიკურ სირთულეებსა და ფსიქოლოგიური ტრავმის გამოცდილებაზე [3] და ხშირად ეხებიან კონფლიქტისა და ომის თემებს[4] (Alexander, 2004:5).
ავტორები წარმოაჩენენ კონფლიქტის ორივე მხარეს, მათ კულტურულ მემკვიდრეობას და ეროვნული იდენტობის საკითხებს, საუბრობენ ომის აბსურდულობასა და დამანგრეველ შედეგებზე. მათი პერსონაჟები წარმოაჩენენ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ ღირსება და გააგრძელონ ცხოვრება ომისა და კონფლიქტის მძიმე პირობებში.
ეს ლიტერატურული ნაწარმოებები გვთავაზობენ უნიკალურ შესაძლებლობას, გავიგოთ კონფლიქტის კომპლექსური ბუნება და მისი გავლენა ადამიანთა ცხოვრებასა და სოციუმზე, რითაც ხელს უწყობენ ემპათიისა და ურთიერთგაგების გაღრმავებას.
სამივე ავტორის შემოქმედება ერთგვარი სარკეა, რომელიც ასახავს კატასტროფულ ჭეშმარიტებას: ომი და შედეგად ტრავმა არის უცვლელი ტრაგიკული კომპონენტი კაცობრიობის ისტორიაში, მათ შორის თანამედროვე სამყაროში.
[1] ”ხოჯალის გენოციდი, რომელიც მთელი აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული, გახლავთ კაცობრიობის ისტორიაში ბარბაროსული ქმედების გამოვლინება; იგი წარმოუდგენელი სისასტიკითა და სასჯელის არაადამიანური მეთოდებით ხასიათდება. ეს გენოციდი ასევე მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ისტორიული დანაშაულია.”
[2] https://www.armin.am/images/menus/1400/AkramAilisli-Stone-dreams.pdf
[3] Айерман Р. Социальная теория и травма / Р. Айерман // Социологическое обозрение. — Т. 12. — 2013. — № 1. — С. 125.
[4] Казарян К., Исаев Г. Армяне и азербайджанцы залечивают психологические раны после войны.