უდეტრები თურქეთის საქართველოს ერთი ხეობის მკვიდრთა მეტყველებაში

ავტორები

  • ნათელა ფარტენაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-7919-8635

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.6.2023.6785

საკვანძო სიტყვები:

დიალექტი, უდეტრები, ზმნიზედა, თანდე ბული, კავშირი, ნაწილაკი

ანოტაცია

ქართულ ისტორიოგრაფიაში კლარჯეთის ერთ-ერთი მხარე - „ნიგალი“ შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა სახელით, კერძოდ: ლიგანი, ლივანა, ნიგალი.

ნიგალი ისტორიულად ტაო-კლარჯეთის ერთ-ერთი კულტურულად და ეკონომიურად დაწინაურებული მხარე იყო. მეცხრე-მეათე საუკუნეებში აქ ყვაოდა ქართული კულტურა. ბერთის, ოპიზის, ხანძთის, შატბერდის, ფორთის, კორიდეთის საეკლესიო-სამონასტრო ცენტრებში იწერებოდა ორიგინალური ნაწარმოებები, უცხოური ენებიდან ითარგმნებოდა ლიტერატურა.

ლივანური მეტყველება მდიდარია კილოკავებით, თქმებითა და ქცევებით, რასაც კარგად ამჩნევენ თვით აქაური მცხოვრებნიც. საუბრის კილოთი გამოიცნობენ ხოლმე ქლასკურელებს, დევესქელებს, ხებელებს, მარადიდელებს, მურღულელებს. ჩვენი კვლევს ობიექტს წარმოადგენს ნიგალის ხეობის მკვიდრთა მეტყველებაში უდეტრების ხმარებასთან დაკავშირებული თავისებურებების გამოკვეთა და ანალიზი.

ნიგალის ხეობის ქართულში საინტერესო ნიუანსები შეინიშნება უდეტრების გამოყენების შემთხვევებში.

ადგილის ზმნიზედის ფუნქციით გვხვდება -ში’ თანდებულიანი პირველი და მეორე პირის ნაცვალსახელების მრავლობითი რიცხვის ფორმები: ჩვენში; თქვენში..

ადგილის ზმნიზედები ზემოთ’, ქვემოთ’ გვხვდება ფონეტიკური სახეცვლილებით: ზომოთ; ქომოთ...

ხშირად გამოიყენება საშუალი ქართულისთვის დამახასიათებელი შიგან’ ზმნიზედის ფუნქციით: სახლში შიგან არ შევსულვართ...

აქ’, იქ’ ზმნიზედებს დაერთვის თანდებულები -ში და -ზე, რის საფუძველზეც მიიღება რთულფუძიანი ზმნიზედები: აქში’, იქში’, აგზე’ ( აქზე), იგზე ( იქზე):

-ზე’ თანდებულიანმა ადგილის ზმნიზედებმა აქ, იქ შეიძლება დაირთონ თანდებული -დამ: აგზედამ, იქნამდი...

ანალოგიურ მაგალითებში თავს იჩენს ორი ა: აქნობაამდი...

იქაურობაში’ ფორმა შეცვლილია სიტყვით იქნობაში’.

-კე//-კენ თანდებული ერთვის ზმნიზედების უჩვეულო ფორმებს: წინესკე, ზეისკე, ზედეთკენ, შიგნითკე...

ზმნიზედების გასართულებლად გამოყენებულია თანდებული -დამ’: ზეიდამ; იქიდამ...

კითხვითი ზმნიზედა სად’ გვხვდება ჰა’ს სახით (ს→ჰ, -დ იკარგება).

დროის ზმნიზედად ზოგჯერ გვხვდება სიტყვათა ოდენ ფუძე ან ფუძეთა გაორკეცების შემთხვევები: ზაფხულ, მალ... ზაფხულ-ზაფხულ მალ-მალ; საღამ-საღამ...

დროის ზმნიზედა მერმე’ მეტათეზისის შედეგად სახეს იცვლის და წარმოდგება მემრე’ ფორმით.

ზმნიზედები - გაისად’, მერმის’ ფორმებს ცვლის მიორეთ’//მიერეთ’, მიერეზე’ - დროის ზმნიზედის მნიშვნელობით...

დიდხანს’ ზმნიზედას ენაცვლება ბარსახან (ბარე სამ ხან).

ვითარების ზმნიზედების - ამაოდ’, ტყუილუბრალოდ’ - შინაარსს გადმოსცემს არქაული სიტყვა ცუდედ (შდრ. ძვ. ქ. ცუდად’ - ამაოდ, უსარგებლოდ).

-ებრ თანდებულიან ვითარებითს ზმნიზედებში ფუძის ბოლოკიდური -რ იკარგება: მათურებ...

-ვით თანდებულიან ფორმებში - ვით სახეცვლილი წარმოგვიდგება: ჩემსავენ, ჩვენსავენ, თქვენსავენ, მათსავენ (ჩვენ-ს-ავით→ჩვენ-ს-ა-ვენ):

ვითარების ზმნიზედის შინაარსი ახლავს სიტყვას აქასავენ’ //აქსავეთ’

კითხვით ზმნიზედას როგორ’ ცვლის რავლი’ ფორმა: რავლი ხარა? რავლი მოხუელით? რავლი ხართა ჩვენებურები?!...

ჯერობის გამომხატველი ზმნიზედების მაწარმოებელ ნაწილაკ ჯერ’-ს ცვლის სიტყვა პირი’. იგი რიცხვით სახელებს დაერთვის: ორპირ, ერთპირ, ათპირ...

ნიგალურ ქართულში თავისებური ელფერი შემოაქვს მდინარე მურღულის ხეობის კალთებზე გაშენებული სოფლების (კაბარჯეთი, ყავრიეთი, ჭილავრი, ქურა, ჯუანი, ბუჯური, ბაშქოი, არხვა, კორიდეთი, ძანცული, გურბინი...) მეტყველებას. ეს შეინიშნება ზმნიზედათა წარმოებაშიც. კერძოდ: ერთად’ ზმნიზედის ნაცვლად გამოიყენება ერთხელაჲ’.

ზმნიზედების სფეროში იშვითად წარმოჩნდება ხოლმე თურქულის გზით შემოსული ფორმები: თექთუქ (tek-tek), ბაშთან (baştan), ბირზამან (bir zaman), ებბედი (არაბ.ebedien) ზაათი (არაბ. zaten), თექრარ (არაბ. Tekrar), ჰემენ (სპარს. Hemen), აზბიშეი (az birşey)...

დიალექტური ელფერი დაჰკრავს თანდებულებსაც. კერძოდ, -ვით თანდებული გვაძლევს -ვენ, -ვეთ, -ვეფ ვარიანტებს: თქვენსავეთ, ქვასავენ, ტურასავეფ...

-თვის თანდებული წარმოდგენილია - თვინ // -თინ ვარიანტებით: გოგოსთვინ, ბაქლავასთინ...

-კენ თანდებული უმთავრესად -კე ფორმით გვხვდება: თქვენკე, ბორჩხისკე არი; ხიდისკე წესულან...

-კე გვხვდება ზმნიზედებთანაც: უკნისკე, წინისკე...

ნათესაობითის ფორმას დაერთვის ზმნიზედა უკან და გამოხატავს თანაობას, -თან’ (ერთად) თანდებულის ფუნქციით წარმოდგება: პურის უკან, ჭადის უკან, გურჯების უკან...

არ გვხვდება -მდე’ თანდებული. ნიგალის ქართულისთვის დამახასიათებელია -მდი’ და -მდინ’ ვარიანტები: სოფლამდი, ქალაქამდინ...

კავშირი. რომ’ კავშირი უმეტესად გვხვდება რომე’ ფორმით.

მაგრამ’ გამარტივებულია მარა’ ფორმით.

მაგრამ’ მაპირისპირებელ კავშირს ხშირად ცვლის თურქულიდან შემოსული ჰამა’.

რომ’ მაქვემდებარებელი კავშირის ნაცვლად გამოიყენება თურქულის გზით შემოსული სპარსული წარმოშობის კავშირი ქი’, რომელსაც მრავალნაირი ნიუანსი (კი - რომ, რომელი, რათა, ვინაიდან, ხოლო, განა) ახლავს.

ნაწილაკი. ნიგალის ხეობის ქართულში კითხვითი ნაწილაკის სიცოცხლისუნარიანობა განპირობებულია მახვილით. ა’ კითხვით ნაწილაკზე მოდის ყოველთვის კითხვითი წინადადების მახვილი. შენ აქა ხარა?; ტანზე რასა ვიცვამთა?!; შენა ვისი გოგო ხარა?...

თურმე’-ს ცვლის თურქულის გზით შემოსული სპარსული ნაწილაკი მეგერ’.

თურქულიდან შემოსული აჯაბ’ (არაბ. acap) გამოიყენება ნეტავი’, ნუთუ’, მართლა’, განა’ ნაწილაკების მნიშვნელობით.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ნათელა ფარტენაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, საქართველო, ბათუმი, ნინოშვილის ქ. 32/35 +995 577 179 744. natia.phartenadze@bsu.edu.ge
ORCID https://orcid.org/0000-0001-7919-86350000-0001-7919-8635

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-06-23

როგორ უნდა ციტირება

ფარტენაძე ნათელა. 2023. “უდეტრები თურქეთის საქართველოს ერთი ხეობის მკვიდრთა მეტყველებაში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 6 (1):148-69. https://doi.org/10.61671/hos.6.2023.6785.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ლინგვისტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა