აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის პრობლემა ელიფ შაფაქისა და ორჰან ფამუქის პროზაში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7826საკვანძო სიტყვები:
დასავლეთი, აღმოსავლეთი, კულტურა, დიალოგი, გაგება, მიღებაანოტაცია
სტატიაში გაანალიზებულია გლობალიზაციის, საინფორმაციო-კომუნიკაციური რევოლუციის ეპოქაში განსხვავებულ, კერძოდ, აღმოსავლურ-დასავლურ კულტურათა შორის დიალოგის პრობლემა. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენს ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა თანამედროვე თურქი მწერლების: ელიფ შაფაქისა და ორჰან ფამუქის შემოქმედებაზე დაყრდნობით, რადგან სწორედ მათი ნაწარმოებების ერთ-ერთი მთავარი თემაა აღმოსავლეთ-დასავლეთის დაპირისპირების, მათ შორის წინააღმდეგობრივი ურთიერთობის ჩვენება. შესაბამისად, კვლევა წარვმართეთ შედარებითი ანალიზისა და ჰერმენევტიკული მეთოდების გამოყენებით.
ამ ორ მწერალს ბევრი აქვს საერთო: ეროვნება, დასავლეთთან პირადი კონტაქტები (განათლება, ემიგრაცია), აქედან გამომდინარე, ამ ორი სამყაროს საფუძვლიანად ცოდნა, თუმცა სხვადასხვაგვარია მათი მიდგომა პრობლემისადმი: ელიფ შაფაქის ხედვა და ხატვის მანერაც აშკარად ფემინისტურია, ამასთან ის, ძირითადად, ემიგრანტის თვალით დანახულ აღმოსავლეთს გვიხატავს, ესაა გარედან დამკვირვებლის პოზიციიდან აღქმული სამყარო, თუმცა ის, ასევე, გვიხატავს აღმოსავლელი ემიგრანტის მიერ უშუალოდ განცდილი და შეგრძნობილი დასავლეთის ობიექტურ სურათსაც.
სრულიად განსხვავდება ორჰან ფამუქის მიდგომა საკითხისადმი: ის ფესვებიდან, შორეული ისტორიიდან ამოდის და ე.წ. შიგჩაბრუნებული მზერით გვიხატავს აღმოსავლეთის განუმეორებლობას, წინაპრებთან სულიერ კავშირს, ის ფაქიზად აყურადებს და გვასმენინებს ისტორიის გულისფეთქვას, გვაგრძნობინებს სხვად ქცევის შიშით შეპყრობილი სტამბოლის სევდას.
ჩვენი კვლევის აქტუალობაც იმაში მდგომარეობს, რომ კონკრეტული მასალის საფუძველზე ვაჩვენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში აღმოსავლურ-დასავლურ კულტურათა შორის სიღრმისეული მსგავსება-განსხვავებების შესწავლა, რადგან ქვეყნებს შორის საზღვრების „წაშლამ“, ტრანსნაციონალური ფაქტორების გააქტიურებამ, განათლების მობილურობამ, მართალია, გამოიწვია მსოფლიოს ახალი კულტურული სურათის ჩამოყალიბება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს ბინარული ოპოზიციის წევრებს შორის ტრადიციული დაპირისპირების შესუსტებას, პირიქით, ზოგიერთ შემთხვევაში ეს წინააღმდეგობანი გამწვავდა კიდეც, რადგან ამუშავდა „უცხოს“ მიმართ თავდაცვის მექანიზმები. ეს პრობლემები ყოველთვის იყო და დღესაც აქტუალურია საქართველოშიც, ქართული მწერლობის საუკეთესო წარმომადგენლები (მ. ჯავახიშვილი, კ. გამსახურდია, გრ. რობაქიძე, ო. ჭილაძე, აკა მორჩილაძე და სხვები) თავიანთ ნაწარმოებებში, პუბლიცისტიკაში განიხილავდნენ მას და გარკვეულ დასკვნებსაც გვთავაზობდნენ. ამდენად, საინტერესოა ჩვენი მეზობელი ქვეყნის, თურქეთის შემოქმედთა პოზიცია ჩვენი ხალხისთვისაც ესოდენ საჭირბოროტო საკითხზე, მით უმეტეს, რომ ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს ავ-კარგიანი ისტორია, ტრადიციებისადმი ერთგულება, ევროკავშირისადმი დიდი მისწრაფება და, რაც მთავარია, ორ სამყაროს შორის ბალანსის პოვნის სურვილი.
ჩვენი კვლევის სიახლეს რაც შეეხება, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ესაა პირველი მოკრძალებული ცდა მსოფლიოში ცნობილი ორი დიდი თანამედროვე თურქი მწერლის შემოქმედებაში აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის ასახვის თავისებურებათა შედარებითი ანალიზისა.
ჩვენმა კვლევამ შემდეგი დასკვნების გაკეთების საშუალება მოგვცა: გლობალიზაციის პროცესში, მულტიკულტურული, მულტილინგვისტური და ციფრული გარემოს პირობებში ადამიანები, ერთი მხრივ, ცდილობენ იდენტობის შენარჩუნებას და, მეორე მხრივ, პრაქტიკულად სწავლობენ და ითავისებენ კულტურებს შორის დიალოგის, უცხო კულტურისადმი ტოლერანტული დამოკიდებულების აუცილებლობასა და იმას, რომ სხვა კულტურის მიღება მისი გაგების გარეშე წარმოუდგენელია.