ნათან ბრძენი და განმანათლებლობა: აღმოსავლეთი, ტოლერა- ნტობა და უნივერსალური ეთიკა
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9099საკვანძო სიტყვები:
ლესინგი, ტოლერანტობა, ნათან ბრძენი, კრიტიკა, განმანათლებლობაანოტაცია
გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგის „ნათან ბრძენი“ ("Nathan der Weise," 1779) განმანათლებლობის ეპოქის ერთ-ერთი მთავარი ლიტერატურული ტექსტია. ლესინგი უმაღლეს ღირსებებად განსჯის რელიგიურ ტოლერანტობასა და ჰუმანიზმს. მიუხედავად იმისა, რომ „ნათან ბრძენი“ განმანათლებლობის ეპოქის იდეალების, შემწყნარებლობისა და უნივერსალური მორალის სიმბოლოდ იყო აღიარებული, ედვარდ საიდის „ორიენტალიზმის" (1978) გამოცემას თან მოჰყვა ლესინგის პიესის კრიტიკული შეფასებები. მიუხედავად იმისა, რომ ლესინგის ლიტერატურული დისკურსი აღმოსავლეთს წარმოგვიდგენს სიმბოლურ სივრცედ, რომელშიც დასავლეთი თავის იდენტობას განსაზღვრავს, კრიტიკულ მოსაზრებებში შენიშნავენ, რომ პიესაში აღმოსავლეთი პასიურ ფიგურადაა წარმოჩენილი. ლესინგის პიესაში მოქმედება ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში ვითარდება, მაგრამ იგი XVIII საუკუნის გერმანულ ინტელექტუალურ ხედვას გადმოგვცემს. „სამი ბეჭდის” ცნობილი იგავისა და პიესის ებრაელი პროტაგონისტის, ნათანის მორალური სიბრძნის მეშვეობით, პიესაში კონფესიათაშორისი ჰარმონიაა მიღწეული. საპირისპიროდ, პოსტკოლონიური კრიტიკოსები საიდის ევროცენტრულ დისკურსის კვალდაკვალ განმანათლებლობის ეპოქის უნივერსალიზმის ნაკლოვანებებზე მიუთითებენ. სტატიაში ყურადღებას ვამახვილებთ აღმოსავლეთზე, როგორც კულტურულ ტოპოსზე, რაც ლესინგის დრამაში უნივერსალური ჰუმანისტურ იდეებს განამტკიცებს; ასევე, განმანათლებლობის ფილოსოფიის კონტექსტში ვაანალიზებთ ლესინგის დრამატული ნაწარმოების აქტუალობას.
სტატიაში ასევე შესწავლილია ბოლოდროინდელი კვლევებიც, რომლებშიც კვალავ აღნიშნულია, რომ ლესინგის პიესა უნდა გავოგოთ სეკულარული ტოლერანტობისადმი სწრაფვად. არაერთი ავტორი, მაგ. სამუელ ფაინერი (2012), ფონ შვერინ-ჰაი (2013), ალბრეხტ კლასენი (2021, 2023) და სხვ. მიუთითებენ, რომ „ნათან ბრძენი” ინტერკულტურული ეთიკისა და მორალური კოსმოპოლიტიზმის ერთ-ერთი უმთავრესი ლიტერატურული ტექსტია. ისინი მხარს უჭერენ სამეცნიერო თვალთახედვას, რომ თანამედროვე, გლობალურ, პოსტკოლონიურ სამყაროში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კულტურულ და რელიგიურ განზომილებებს, ლესინგის ტექსტი პედაგოგიურ და ფილოსოფიურ რელევანტურობას ინარჩუნებს, რაც “ნათან ბრძენს,” როგორც ჰუმანისტურ ნაწარმოებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ლიტერატურულ ხიდად აქცევს, სტატიაში კვლევის შედეგად შეჯამებულია თანამედროვე სამეცნიერო მიდგომები პიესისადმი.