„ვარდების სასახლის ედიქტი: ოსმალეთის იმპერიის მოდერნიზაციის პირველი ნაბიჯები"
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11623საკვანძო სიტყვები:
ოსმალეთის იმპერიის ისტორია, სულთან მაჰმუდ II, სულთან აბდულ-მეჯიდ I, ოსმალეთის იმპერიის მოდერნიზაცია, რეფორმები, ვალიდე ბეზმიალემ სულთანიანოტაცია
ოსმალეთის იმპერიის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აღზევებისა და დაცემის არაერთ ეტაპს იცნობს. მუდმივად ცვლადი, დინამიკური რეალობა, პოლიტიკური კონტექსტი და ამბიციურ მეტოქეებთან დაპირისპირება ქვეყნის მმართველებს ურთულესი გამოწვევების წინაშე აყენებდა. საჭირო იყო განახლებაზე ზრუნვა, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა, კარგად მოფიქრებული და შედეგზე გათვლილი რეფორმების გატარება, რათა იმპერიის გავლენა მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებზე არ შესუსტებულიყო და ოსმალეთი კვლავ ძლიერ პოლიტიკურ სუბიექტად დარჩენილიყო. ეს გარემოება განსაკუთრებით აქტუალური ხდება XIX საუკუნეში, როცა მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ ევროპის მოწინავე ქვეყნებმა ადვილად აუღეს ალღო ახალ საზოგადოებრივ ფორმაციას, კაპიტალიზმს, რომელმაც მანუფაქტურული მრეწველობა ფაბრიკა-ქარხნებით ჩაანაცვლა და ბევრად უფრო მოქნილი და ხარისხიანი გახადა. იმისათვის, რომ ოსმალეთის იმპერია მსოფლიო პოლიტიკის საერთო პროცესებს არ ჩამორჩენოდა, რეფორმატორულ იდეებზე ფიქრი ჯერ კიდევ სულთან მაჰმუდ II (1808-1839წწ.)-ის მმართველობისას დაიწყეს, მაგრამ უზარმაზარ იმპერიაში ფართომასშტაბიანი მოდერნიზაციის ეპოქა მაჰმუდის მემკვიდრის, სულთან აბდულ-მეჯიდ I (1823-1861წწ.)-ის სახელს დაუკავშირდა. ცვლილებები შეეხო კანონმდებლობას, განათლებას, სამხედრო სფეროს, მრეწველობას, ფინანსურ სექტორს, სარკინიგზო მიმოსვლას, საბანკო საქმეს, საგადასახადო სისტემას, მიწის საკუთრებას, ჰარემის სტატუსს, ფადიშაჰის ახალ რეზიდენციას. რეფორმების მიზანი იყო, გაეთვალისწინებინათ განვითარებული ევროპული ქვეყნების მდიდარი გამოცდილება და არსებული რესურსები ოსმალეთის იმპერიის საჭიროებებისა და თავისებურებებისათვის მოერგოთ.

































