აუცილებლობის სემანტიკის გადმოცემის თავისებურებანი ქართულ-თურქული მასალის მიხედვით
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.6.2023.7367საკვანძო სიტყვები:
აუცილებლობა, სემანტიკა, შედარებითი ანალიზი, ქართულ-თურქული, თავისებურებებიანოტაცია
ზმნის კილოს გადმოცემის სისტემა თითქმის ყველა ენაში განსხვავებულია. სტატია ეხება ზმნის აუცილებლობის სემანტიკის გამოხატვის თავისებურებანს ქართულ-თურქული მასალის მიხედვით, კერძოდ, იმის გარკვევას, თუ რა გრამატიკული საშუალებები არსებობს ქართულის აუცილებლობის სემანტიკის გადმოსაცემად თურქულში.
ზოგადად, ქართულში კილოს კატეგორია ერთ-ერთი ყველაზე რთული და სადავო საკითხია. კილოს რაოდენობასთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგი მეცნიერის მიხედვით კილო სამია, ზოგის მიხედვით – ოთხი, ზოგი ხუთსაც ასახელებს, საბოლო ჯამში კი შვიდამდე კილო იყრის თავს. თანამედროვე ქართული ენის გრამატიკებში გამოიყოფა სამი კილო: თხრობითი, კავშირებითი და ბრძანებითი. დანარჩენები, რომლებმაც ადგილი ვერ დაიმკვიდრეს ენაში, ასეთია: თხოვნითი, აკრძალვითი, პირობითი და შედეგობითი.
კილოს კატეგორიასთან დაკავშირებით საინტერესოდ გვესახება ქართულ-თურქული მონაცემების განხილვა. ამჯერად შევეხებით აუცილებლობის სემანტიკის გადმოცემის საშუალებებს ორივე ენაში.
თურქულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში ზმნის კილოს რაოდენობა ხუთია. ესენია: თხრობითი, ბრძანებითი, აუცილებლობითი, ნატვრითი და თხოვნით-პირობითი. ქართულში ზმნის კილო გაფორმებული არ არის გრამატიკული ნიშნით, ანუ კილოს არ გააჩნია ნიშანი. იგი მწკრივის ერთ-ერთი ელემენტია და გამოიხატება რომელიმე მწკრივის ფორმით, იგი უმეტესად მიჩნეულია სემანტიკურ კატეგორიად. თურქულში კი ყველა გრამატიკული კილო მარკირებულია.
ქართულის აუცილებლობის სემანტიკის გადმოცემისას თურქულში საკმაოდ საინტერესო სურათი იქმნება. კერძოდ, წინადადებაში – „თავადს – თავადობა უნდა ეტყობოდეს და გლეხს – გლეხობა“ = თურქ. „Beyin bey olduğu, köylünün de köylü olduğu anlaşılmalı“. უნდა ნაწილაკის გამო ორივე ენაში გამოხატულია ვალდებულება. „ეს ამბავი რაღაცას უნდა ნიშნავდეს, ისე კი ძალიან ლამაზი თვალები უნდა ჰქონდეს“ = თურქ. „Bu haberin bir anlamı olmalı, normalde çok güzel gözleri olmalı“. პირველი წინადადება ეჭვის მატარებელია, ხოლო მეორე – ვარაუდისა. ორივე შემთხვევაში თურქულიც იმავე მნიშვნელობას ატარებს, რაც ქართულშია.„რისი უნდა მეშინოდეს; რა უნდა მრცხვენოდეს; რა უნდა მინდოდეს...!“ = თურქ. „Neden korkmalıyım; neden utanmalıyım; ne isteyebilirim?“ ქართული უნდა ნაწილაკიანი აწმყოს კავშირებითის ფორმების თურქულში გადატანისას გვხვდება საინტერესო სურათი, კერძოდ, პირველი ორი წინადადება ზუსტად გამოხატავს აუცილებლობას „Korkmalıyım, utanmalıyım“, ხოლო ბოლო წინადადებით კი გადმოცემულია შესაძლებლობის მნიშვნელობა „isteyebilirim“, რაც აწმყოსკავშირებითიანი უნდა ნაწილაკის ერთ-ერთი ფუნქციაა. „ასე არ უნდა წაიკითხო!“ = თურქ. “Böyle okumamalısın!” – უნდა ნაწილაკიანი II კავშირებითი თურქულშიც აუცილებლად შესასრულებელ მოქმედებას გადმოსცემს აუცილებლობითი კილოს ნიშნების (-MALI, - MELİ) მეშვეობით.
ქართულ-თურქული ზმნის კილოების ფორმათა შედარებითი ანალიზის შედეგად კარგად ჩანს სტრუქტურულად განსხვავებულ ორ ენას შორის როგორც საერთო, ისე განსხვავებული მხარეები. მსგავსება და განსხვავება ეხება სემანტიკური, გრამატიკული და ლექსიკური საშუალებების შესაბამისობას.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .