თანამედროვე ქართულ-თურქული ურთიერთობების ზოგიერთი ასპექტი (სოციალური ანალიზი)
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7829საკვანძო სიტყვები:
საქართველო, თურქეთი, სავაჭრო ურთიე-რთობები, ტურიზმი, პოლიტიკური ურთ-იერთობებიანოტაცია
საკვლევი თემის აქტუალობა, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ თურქეთის რესპუბლიკა ჩვენი მეზობელი ქვეყანაა. ისტორიის მანძილზე ჩვენი ურთიერთობები არაერთგვაროვნად ვითარდებოდა, იყო როგორც დაპირისპირების, ასევე მშვიდობიანი თანაცხოვრების პერიოდები. დღეისათვის თურქეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაქვს. თანამედროვე თურქეთი ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიული პარტნიორია. ამიტომ, ამ მძლავრი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ქვეყანასთან პოზიტიური ურთიერთობები მნიშვნელოვნად წაადგება ჩვენს ქვეყანას მრავალი პრობლემის მოგვარებაში.
თემის აქტუალობა მდგომარეობს იმაშიც, რომ თანამედროვე ქართულ-თურქული ურთიერთობები, უმეტესწილად, შესწავლილია ოფიციალური სახელისუფლო დოკუმენტების ან ისტორიული წყაროების საფუძველზე. მიუხედავად ასეთი მასალების დიდი მნიშვნელობისა, მათში არ ჩანს საქართველოს რიგითი მოქალაქეების დამოკიდებულება თურქეთთან მიმართებაში. ამ ხარვეზის გამოსწორების მიზნით, ბათუმელი რესპონდენტების სოციოლოგიური გამოკითხვის მეშვეობით, ჩვენ კომპლექსურად შევისწავლეთ და წარმოვაჩინეთ მათი თურქეთთან დამოკიდებულების სხვადასხვა ასპექტი. ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან ჩვენი მოსახლეობის აზრის გათვალისწინება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სწორად დაიგეგმოს და განხორციელდეს თურქეთთან ურთიერთობის სხვადასხვა ღონისძიება. კვლევაში ყურადღება გავამახვილეთ შემდეგ კონკრეტულ საკითხებზე: გარკვეული დროით თურქეთში განხორციელებული ვიზიტები; რესპონდენტებისა და მათი ახლობლების თურქეთში ვიზიტის მიზნები; დამოკიდებულება ბათუმში ჩამოსული თურქეთის მოქალაქეებისადმი; თურქეთიდან გასაყიდად შემოსული, სხვადასხვა სახის პროდუქციის ხარისხის შეფასება (შესაძლებლობის შემთხვევაში, პროდუქტისა და გამომშვები ფირმის სახელის დაკონკრეტებით), ასევე, სხვადასხვა თურქული საქონლის რეკლამის მათზე ზეგავლენის დონე; ქართულ-თურქული ბიზნეს-ურთიერთობების ზოგადი შეფასება; თურქული ინვესტიციების მოზიდვის საკითხი; თურქეთში სამუშაოდ წასულთა წინაშე მდგარი პრობლემები; თურქეთში სამუშაო ვიზის მოქმედების ვადის გაზრდის მიზანშეწონილობა; თურქეთიდან ჩამოსულ ტურისტულ ჯგუფებზე მიმაგრებული გიდების კვალიფიკაციის დონე; საქართველოს ტელევიზიებით ნაჩვენები თურქული კინოპროდუქციის ხარისხობრივი შეფასება; თურქეთის არქივებში საქართველოს შესახებ დაცული დოკუმენტების შესწავლის აუცილებლობა; ქართულ-თურქული ურთიერთობების დღევანდელი მდგომარეობის ზოგადი შეფასება და მისი განვითარების პერსპექტივები.