თურქეთის საგარეო პოლიტიკა თურგუთ ოზალის მმართველობის პერიოდში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8277საკვანძო სიტყვები:
თურქეთი, თურგუთ ოზალი, საგარეო პოლიტიკა, გლობალიზაცია, ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებებიანოტაცია
წარმოდგენილ ნაშრომში განხილული და გაანალიზებულია თურქეთის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები 1983-1993 წლებში. მეოცე საუკუნის 80-90-იან წლებში თურქეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაში გარდამტეხი როლი შეასრულა თურგუთ ოზალმა, რომელიც ჯერ პრემიერ-მინისტრი (1983-1989), ხოლო შემდეგ კი ქვეყნის პრეზიდენტი იყო (1989-1993). ამ პერიოდში განხორციელებულმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად განაპირობა ქვეყნის შემდგომი განვითარება.
აღსანიშნავია, რომ ოზალმა, თავის თანამედროვე ლიდერებზე გაცილებით ადრე განჭვრიტა გლობალიზაციის ორივე მხარე, როგორც პერსპექტივები, ასევე რისკებიც. ოზალი ატარებდა მეტად აქტიურ საგარეო პოლიტიკას. ოზალის საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავდა, პირობების შექმნას დაჩქარებული ეკონომიკური განვითარებისათვის.
ოზალის საგარეო პოლიტიკაში იკლო იდეოლოგიურმა ზეგავლენამ და იგი უფრო პრაგმატული გახდა. ოზალის საგარეო პოლიტიკის თავისებურება იყო ის, რომ იგი ორიენტირებული იყო ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებზე.
ითვალისწინებდა რა ქვეყნის გეოსტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ მდებარეობას, თურქეთი ატარებდა დივერსიფიცირებულ, აქტიურ საგარეო პოლიტიკას და ორიენტირებული იყო მრავალმხრივი თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე.
დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის პარალელურად, 1980-იან წლებში თურქეთის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება იყო მუსლიმურ ქვეყნებთან დაახლოება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიზნით.
ოზალის დროს თურქეთის საგარეო პოლიტიკა სულ უფრო მეტად იყო ორიენტირებული ისეთ რეგიონებზე, როგორიცაა ცენტრალური აზია, კავკასია, ბალკანეთი და ახლო აღმოსავლეთი. თურქეთი ცდილობდა გამხდარიყო ამ რეგიონების პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი.
ოზალი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობას არ განიხილავდა დასავლეთთან ურთიერთობის სანაცვლოდ, პირიქით, ამას ხელი უნდა შეეწყო დასავლეთთან თურქეთის ურთიერთობის გაძლიერებისათვის.
ოზალი თვლიდა, რომ თურქეთი უნდა გამხდარიყო ისლამური სამყაროს დამაკავშირებელი ხიდი დასავლურ სამყაროსთან, რაც ხელს შეუწყობდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა მშვიდობის განმტკიცებაში როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში.
ოზალი პრაგმატული პიროვნება იყო და მისი გადაწყვეტილებები საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე, შეესაბამებოდა იმ პერიოდში ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე და ღია კარის პოლიტიკაზე გადასვლასთან ერთად, თურქეთმა შეძლო გახდარიყო რეგიონის ლიდერი სახელმწიფო. ამაში გარკვეული როლი შეასრულა იმ საგარეო პოლიტიკამ რომელსაც 1980–იან წლებში ატარებდა ოზალის მთავრობა.