მოტივაცია და ფსიქოლოგიური ბარიერები უცხო ენების შესწავლის პროცესში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9817საკვანძო სიტყვები:
ენის შესწავლის ფსიქოლოგიური ფაქტორები, მოტივაცია, ფსიქოლოგიური ბარიერები, სასწავლო გარემო, პედაგოგის ფსიქოლოგიური მიდგომებიანოტაცია
თანამედროვე ეპოქაში, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდა და მოთხოვნადი კადრის ძიება პირდაპირკავშირშია უცხო ენების ფლობასთან. დამსაქმებლების მოთხოვნა ვიწრო სპეციალიზაციის გარდა მოიცავს ერთ ან რამდენიმე უცხო ენის ცოდნასაც, რაც ზრდის ენის შესწავლის აუცილებლობას.
ენის შესწავლის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი საქმიანობის ძირითად ფსიქოლოგიურ ასპექტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაციაა.
მოტივაციას შეუძლია ენის შესწავლაში შედეგის მოტანა და ხანგრძლივ წარმატებებზე მიღწევა, სწავლის პროცესში საკუთარ თავში უნარების აღმოჩენა საკითხისადმი უფრო მეტი ინტერესის გაღვივებას და შედეგად არსებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზაციის საშუალებას იძლევა.
თუმცა ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ სწავლის პროცესის ეფექტურობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ინდივიდის მოტივაციაზე, არამედ სასწავლო გარემოსა და ფსიქოლოგიურ განწყობებზეც.
ენის შესწავლის პროცესში სტუდენტთა ფსიქოგანწყობის დადგენის: მოტივაციის, შფოთვისა და ინტერესის დონის შეფასების, პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და სწავლის ნაყოფიერების გაზრდის; პროცესისადმი საჭირო ფსიქოლოგიური მიდგომების შემდგომში გათვალისწინების მიზნით, ჩვენს მიერ ჩატარდა ანკეტური კვლევა თურქული და გერმანული ენების შემსწავლელ ქართველ სტუდენტებთან. კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტების მოტივაცია პირდაპირ კავშირშია პედაგოგის პიროვნულ თვისებებთან, მათ შორის პოზიტიურ ენერგეტიკასთან, გახსნილობასთან, ემპათიასა და ემოციურ მხარდაჭერასთან. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს შფოთვასა და შიშს, ზრდის ნდობასა და უზრუნველყოფს აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
დემოტივაციისა და შფოთვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაფიქსირდა შეცდომების დაშვების შიში, რაც ხელს უშლის კომუნიკაციურ აქტივობებში ჩართულობას. აღნიშნული ბარიერის დაძლევა შესაძლებელია მასწავლებლის მხარდაჭერით, ინტერაქტიული სავარჯიშოებითა და სწორი ფსიქოლოგიური მიდგომების გამოყენებით. აქედან გამომდინარე, უცხო ენის სწავლება ყველაზე მეტად ეფექტურია მაშინ, როდესაც ლექტორის აკადემიურობა და პროფესიული უნარები ჰარმონიულად ერწყმის პიროვნულ თვისებებსა და ფსიქოლოგიური ბარიერების დაძლევის სტრატეგიებს, ქმნის შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს, მნიშვნელოვნად ზრდის სწავლების ხარისხს, ამაღლებს სტუდენტების მოტივაციასა და რაც მთავარია საკუთარი თავისადმი რწმენას.

































