ოსმალეთის იმპერიის ქართველი ვალიდე - ბეზმიალემ სულთანი
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9802საკვანძო სიტყვები:
ოსმალეთის იმპერიის ისტორია, ვალიდე სულთანი, ქალთა სასულთნო, ვალიდე ბეზმიალემ სულთანი, სულთან მაჰმუდ II, სულთან აბდულ-მეჯიდ Iანოტაცია
ოსმალეთის უზარმაზარ იმპერიაში ქართული წარმომავლობის არაერთი პოლიტიკური მოღვაწე გვხვდება. მათ შორის, განსაკუთრებით, გამოირჩევა რამდენიმე ქალბატონი, რომლებმაც თავიანთი კვალი დააჩნიეს არა მხოლოდ სულთნის სასახლეში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, არამედ ნათელი ხსოვნა დატოვეს უბრალო ადამიანების გულებშიც. სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ ვალიდე ბეზმიალემ სულთანიც, მაჰმუდ II-ის მეუღლე და აბდულ-მეჯიდ I-ის დედა, რომელიც ჯაყელთა გავლენიანი გვარის წარმომადგენელი იყო. მიუხედავად თურქულ სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული არაერთგვაროვანი, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი თვალსაზრისისა, რომლის თანახმადაც, მაჰმუდ II-ის მეუღლე ყივჩაღად ან ყირიმის სახანოს მკვიდრად არის მიჩნეული, შემიძლია, დაბეჯითებით განვაცხადო, რომ ვალიდე სულთანი ნამდვილად ქართველი იყო. ამას ადასტურებს ჩვენამდე მოღწეული დიპლომატიური წერილები, რომლებიც კიდევ უფრო ამყარებს ამ ვერსიას.
აბდულ-მეჯიდის ტახტზე ასვლის პერიოდიდან ფადიშაჰის დედა აქტიურად იყო ჩართული იმპერიის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველა საკვანძო პრობლემის გადაჭრის პროცესში. სხვადასხვა ისტორიული წყაროსა და სამეცნიერო ნარკვევის ურთიერთშეჯერებამ ცხადყო, რომ ბეზმიალემ სულთნის მოღვაწეობა ფადიშაჰის დედის ამპლუაში ცალსახად და სწორხაზოვნად არ ფასდება. თანამედროვეები ააშკარავებდნენ ბეზმიალემ სულთნის მონაწილეობას კორუფციულ გარიგებებსა და მექრთამეობაში. თუმცა, უდავოა მისი უდიდესი წვლილი ოსმალეთის იმპერიის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომლის გაუმჯობესებასაც ემსახურებოდა ბეზმიალემის მიერ დაარსებული მდიდარი საქველმოქმედო ფონდები და ორგანიზაციები. ბეზმიალემ სულთანი გულუხვად აფინანსებდა ბიბლიოთეკებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს. აგებდა მეჩეთებს, მინარეთებსა და შადრევნებს. ყოველივე ამან საზოგადოების ფართო ფენებში უდიდესი სიყვარული და პოპულარობა მოუტანა. ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში იგი რჩება, როგორც პოლიტიკური ფიგურა, რომლის მთელი მოღვაწეობაც გონიერებით, შორსმჭვრეტელობითა და სახელმწიფოებრივი აზროვნებით გამოირჩევა. დედა სულთნის მთელი ფინანსური რესურსი ქვეყნის აღმშენებლობას, წინსვლასა და განვითარებას მოხმარდა.

































