კოლირიდიანები ადრეულ ქრისტიანულ და ყურანისეულ ტრადიციაში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11624საკვანძო სიტყვები:
კოლირიდიანები, ყურანი, ეპიფანე კვიპრელი, „პანარიონი“, რელიგიის კომპარატიული კვლევაანოტაცია
სტატია იკვლევს კოლირიდიანების (ფილომარიამელების/ მარიამელების) არსებობის საკითხსა და მათი სწავლების შესაძლო ასახვას ყურანის 5:116იაში. კვლევის მიზანია დადგინდეს, აღნიშნული აია წარმოადგენს თუ არა მხოლოდ პოლემიკურ, ჰიპერბოლიზებულ ფორმულირებას, თუ იგი ეხმიანება კონკრეტულ ისტორიულ-რელიგიურ ჯგუფს, რომელიც მარიამს ღვთაებრივ სტატუსს ანიჭებდა და მის სახელზე მსხვერპლშეწირვას აღასრულებდა.
ანალიზი ეფუძნება IV-XIV საუკუნეების ბერძნულ და არაბულ წყაროებს. პირველხარისხოვან მნიშვნელობას იძენს ეპიფანე კვიპრელის (გარდ. 403 წელს) „პანარიონი“, რომელშიც კოლირიდიანთა სწავლება აღწერილია, როგორც მარიამისადმი ტკბილი პურის შეწირვით გამოხატული პრაქტიკა. დამატებით განხილულია იოანე დამასკელის (გარდ. 749 წელს), ევტიხი ალექსანდრიელის (გარდ. 940 წელს), იბნ თაიმიასა (გარდ. 1328 წელს) და სხვა ავტორთა ცნობები, აგრეთვე თანამედროვე მკვლევართა პოზიციები, რომლებიც ან უარყოფენ კოლირიდიანთა ისტორიულობას, ან ყურანის 5:116 აიას „შემოქმედებითი რიტორიკის“ შედეგად მიიჩნევენ.
კვლევაში გაანალიზებულია ძირითადი პრობლემები: პირველწყაროების სიმწირე, ცნობათა გვიანდელობა, ადრეული საეკლესიო ისტორიკოსების დუმილი და არაბეთის ნახევარკუნძულის რელიგიური გარემოს არასრული რეკონსტრუქცია. კვლევის დედუქციური მეთოდის საფუძველზე, ნაჩვენებია, რომ კოლირიდიანთა შესახებ მონაცემები ერთმანეთს ავსებს და ასახავს რეალურ დოგმატურ ფენომენს.
მიგვაჩნია, რომ ყურანის 5:116 აია კონკრეტულ დოგმატურ პასაჟს პასუხობს და მისი შინაარსი შეიძლება დაკავშირებული იყოს კოლირიდიანულ სწავლებასთან. კვლევის თეორიული მნიშვნელობა მდგომარეობს ქრისტიანულ-მუსლიმური პოლემიკის ისტორიის დაზუსტებაში, ხოლო პრაქტიკული – ყურანის აიას ქრისტიანულ კონტექსტში ინტერპრეტაციის უფრო ზუსტი მოდელის შემუშავებაში.

































