სასულიერო პირთა რეპრესიები საბჭოთა პერიოდის საქართველოში
(საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი არქივების მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9797საკვანძო სიტყვები:
რელიგიები, რეპრესიები, სასულიერო პირები, საბჭოთა საქართველო, არქივიანოტაცია
სასულიერო პირების რეპრესიების საკითხი ერთ-ერთი შეუსწავლელი სფეროა არა მარტო ქართულ, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სამეცნიერო ლიტერატურაშიც. საქართველოს ანექსიის (1921 წ.) შემდეგ, ისევე როგორც მთელ საბჭოეთში, აქაც აქტიურად დაიწყო „წითელი ტერორი“ და ათეისტური რელიგიური პოლიტიკის გატარება იმ პერიოდში მოღვაწე ყველა რელიგიური ინსტიტუტის წინააღმდეგ: დაიხურა ასობით საკულტო ნაგებობა, რელიგიური სკოლები. სასულიერო პირთა დევნის საფუძვლად იყენებდნენ მათ ანტისაბჭოთა და კონტრრევოლუციური აგიტაცია-პროპაგანდის და სხვა სახის ბრალდებას. ანონიმური დასმენების, გამოგონილი ბრალდებების, ცილისწამების შედეგად მიმდინარეობდა მათი დაპატიმრება, დახვრეტა, ან საკონცენტრაციო ბანაკებში გადასახლება და სხვ.
ამ პრობლემატიკის გაშუქების მიზნით, რელიგიის საკითხთა სააგენტოს მკვლევართა ჯგუფმა განახორციელა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული 2022 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის პროექტი - NFR-22-21090, „რელიგიური ნიშნით რეპრესიები საბჭოთა საქართველოში (შსს არქივის მონაცემების მიხედვით), რომლის შედეგად გამოიცა ნაშრომი („რელიგიური რეპრესიები საბჭოთა საქართველოში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, თბილისი., 2025:752).
საბჭოთა ხელისუფლება სასულიერო პირების რეპრესიებისთვის, გარდა დაპატიმრებისა, დახვრეტისა ან გადასახლებისა იყენებდა სხვა მეთოდებსაც: საარჩევნო ხმის უფლების ჩამორთმევას, არა მარტო სასულიერო პირებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზე და კმაყოფაზე მყოფ პირებზე; დაშინებას, იძულებას (სასულიერო პირობაზე უარის თქმა), დამცირებას, დაჯარიმებას სასულიერო საქმიანობისთვის, პირადი ქონების ჩამორთმევას, ოჯახის წევრების შევიწროებას და ა. შ..
ამ გარემოების გათვალისწინებით გაგრძელდა კვლევები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით უკვე ხორციელდება ახალი, მეორე პროექტი - FR-23-13674, „სასულიერო პირთა რეპრესიები საბჭოთა პერიოდის საქართველოში (ცენტრალური და ადგილობრივი არქივების მონაცემების მიხედვით)“, რომელსაც ასევე აფინანსებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 2024 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა მკვლევართა ჯგუფის მიერ საბჭოთა საქართველოში (1921-1991 წლებში) რელიგიური ნიშნით განხორციელებული რეპრესიების და რეპრესირებული სასულიერო პირების შესახებ ჩატარებული კვლევის გაშუქება, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი არქივების მონაცემების მიხედვით. ამ ეტაპისთვის სრულად დამუშავებულია ქუთაისის ცენტრალური არქივი, აჭარის საარქივო სამმართველო, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელოს რეგიონული და გორის, ხაშურის, კასპის, ზესტაფონის, ფოთის ადგილობრივი არქივები. მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალურ არქივში. მოპოვებული მასალები უკვე იძლევა საშუალებას საბჭოთა საქართველოში სასულიერო პირების მიმართ რეპრესიების ზოგადი სურათის დადგენისა და ცალკეული დასკვნების გამოტანის.
მიმდინარე პროექტში მონაწილეობას იღებს მკვლევართა ჯგუფი: აბესალომ ასლანიძე (პროექტის ხელმძღვანელი), გიორგი პატაშური (პროექტის კოორდინატორი), ზვიად ტყაბლაძე, ზაზა ვაშაყმაძე, სერგო ფარულავა, დავით დავითაშვილი და მოწვეული მკვლევარი მერაბ კეზევაძე.

































