საქართველოს ისტორიის ერთი ეპიზოდის ასახვა მე-14 საუკუნის სირიულ ქრონიკაში - „ისტორია მარ იაჰბალაჰასი და ბარ საუმასი“
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.6.2023.7355საკვანძო სიტყვები:
ილხანთა საყაენო, საქართველო, სამცხის საათაბაგო, რაბან საუმა, რაბან მარკოსი, ნესტორიანელი ქრისტიანებიანოტაცია
მონღოლთა საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ კათოლიკურმა დასავლეთმა აქტიურად დაიწყო უცნობი ხალხის გაცნობაზე ზრუნვა. პაპობას იმედი გაუჩნდა, რომ მისიონერების დახმარებით თათართა კათოლიკურ ქრისტიანობაზე მოქცევა შეეძლო. იგი აქტიურად შეუდგა პროზელიტიზმს მონღოლთა ულუსებში. ამ მისიისთვის საქართველო, თავისი შემწყნარებლური დამოკიდებულებით ფრანცისკანელი და დომინიკანელი მისიონერების მიმართ, შესანიშნავი პლაცდარმი აღმოჩნდა. თავის მხრივ, მონღოლებიც ცდილობდნენ პაპობა თავიანთ გულწრფელობაში დაერწმუნებინათ, რათა მათთან ანტიეგვიპტური ალიანსი შეექმნათ. მიზნის მისაღწევად ისინი დასავლეთში მოლაპარაკებებზე ქრისტიანებს აგზავნიდნენ. მათ შორის ნესტორიანელებს, რომლებიც თათართა ტერიტორიაზე დიდი ხნით ადრე დასახლდნენ და დასავლეთში დაგმობილი მწვალებლობაც გაავრცელეს. ერთ-ერთი ასეთი მოგზაური სასულიერო პირი რაბან საუმა იყო, რომელმაც დასავლეთში 1287-88 წლებში იმოგზაურა.
ასეთი დიდი პატივი მან არამხოლოდ რომაელთა ენის კარგი ცოდნის გამო, არამედ თავისი წმინდა საქმიანობითაც დაიმსახურა. მათ შორის ასკეტური ცხოვრებით, არაერთი განსაცდელის გამოვლითა და იერუსალიმში მოგზაურობის უდიდესი სურვილით. დაახლოებით 1275-77 წლებში ცოდვების მონანიების წადილით დაწყებულ ურთულეს გზას რაბან საუმასთან ერთად მისი მოწაფე, მომავალი პატრიარქი იაჰბალაჰა III-ც შეუდგა. სწორედ ამ მოგზაურობის დროს ბერები საქართველოში მოვიდნენ, სადაც მათ შეიტყვეს, რომ მიუხედავად ილხანთა ყაენ აბაღას კეთილგანწყობისა, ისინი მოგზაურობის გაგრძელებას ვერ შეძლებდნენ. მე-14 საუკუნის პირველი ნახევრის ანონიმი ავტორის მიერ შექმნილი ქრონიკა იტყობინება, რომ ბერებმა იერუსალიმისაკენ მოგზაურობა საქართველოში მყოფი მძარცველებისა და მკვლელების გამო ვერ შეძლეს. ამის მიზეზი სავარაუდოდ ილხანთა მმართველებისაგან სამცხის განდგომა უნდა ყოფილიყო. ქართველთა წინააღმდეგობა 1275 წლის 10 აპრილს მომხდარ მიწისძვრას უნდა გამოეწვია. ამ უკანასკნელს, დანარჩენ საქართველოსთან ერთად, განსაკუთრებით სამცხე დაუზარალებია. მრავალი ადამიანის გარდაცვალებას და შენობა-ნაგებობების ნგრევას თან ემატებოდა მონღოლთა გადასახადები და სამხედრო ბეგარა, რასაც კიდეც უნდა გამოეწვია მსგავსი ცვლილებები საქართველოში.
სამეცნიერო სივრცეში შემოტანილი ეს ცნობა და მისი ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჟამთააღმწერელი მხოლოდ მიწისძვრის პოლიტიკურ შედეგებზე გვაწვდის ცნობას და გვეუბნება, რომ მამა-შვილი სარგისი და ბექა ილხანებს განუდგნენ. სტატიაში მოხმობილი ნაწყვეტი სირიელი ანონიმის ქრონიკიდან მემატიანეს ინფორმაციას ავსებს და მიწისძვრის შედეგების მნიშვნელოვან სოციალურ ასპექტებსაც გვაჩვენებს.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .