საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლური პოლიტიკა : ურთიერთობა ჩრდილოეთ კავკასიასთან (1918-1921)
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8276საკვანძო სიტყვები:
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მთიელთა რესპუბლიკა, კავკასია, ბოლშევიკები, დენიკინი, კავკასიის კონფედერაცია, დამოუკიდებლობა, ქართული ლეგიონიანოტაცია
სამეცნიერო სტატია ეხება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ურთიერთობას ჩრდილოეთ კავკასიასთან, აანალიზებს მის სპეციფიკურ ხასიათს 1918-1921 წლებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და წარმოაჩენს ურთიერთობის ძირითად პრინციპებს.
1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, პროცესი ურთულესი საერთაშორისო და შიდა გამოწვევების ფონზე წარიმართა. დამოუკიდებლობა გამოაცხადა მთიელთა რესპუბლიკამაც, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის ძირითად ნაწილს მოიცავდა. ჩამოყალიბების პროცესში მყოფი სახელმწიფოების დამოუკიდებლობას საერთო ძალა ებრძოდა, ჯერ თეთრგვარდიული, შემდეგ კი ბოლშევიკური რუსეთის სახით. საერთო ბრძოლაში წარმატებისთვის ორივე მხარე კარგად აცნობიერებდა კავკასიის კონსოლიდაციის მნიშვნელობას.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისებისა და მეზობელთა ტერიტორიული პრეტენზიების ფონზე დაიწყო სიცოცხლე, რასაც თან ემატებოდა ბოლშევიკების ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები ქვეყნის შიგნით. ლოგიკურად, სახელმწიფოს შემოსავლების კოლოსალური ნაწილი თავდაცვაზე იხარჯებოდა, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს ქმნიდა, ჯეროვანი რეფორმების განხორციელებისა და სრულფასოვანი ჩამოყალიბების პროცესს აფერხებდა. თუმცა, ქვეყნის პირდაპირ ინტერესებში შედიოდა ჩრდილოეთ კავკასიის თავისუფლება, რამდენადაც იგი რუსეთისგან თავდაცვის ფარს ქმნიდა და სრულიად კავკასიის დამოუკიდებლობას აძლიერებდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა თავისი არსებობის მანძილზე მხარს უწყვეტად უჭერდა მთიელთა რესპუბლიკას, როგორც პოლიტიკური, ისე მატერიალური რესურსით. მთიელთა ინტერესები იმდენად დაუკავშირდა საქართველოს, რომ ბოლოს იგი საქართველოსთან ავტონომიის უფლებით შეერთების თხოვნამდეც მივიდა.
წარმოდგენილი კვლევა ნათლად წარმოაჩენს ურთიერთ საჭიროებებსა და ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური თანამშრომლობის შინაარსს. ქვეყნის მძიმე მდგომარეობის ფონზე ჩრდილოეთ კავკასიის უწყვეტი და მრავალმხრივი მხარდაჭერის კონტექსტი კი ცხადყოფს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობისთვის ჩრდილოელი მეზობლების თავისუფლების მნიშვნელობას.
სტატია ეფუძნება საარქივო დოკუმენტებს, სამეცნიერო ლიტერატურასა და პერიოდული პრესის მასალებს. ზოგიერთი წყარო და დეტალი პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში.