საპაიო კომპანიების როლი აღმოსავლეთის ქვეყნების კოლონიურ ექსპანსიაში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11615საკვანძო სიტყვები:
საპაიო, ქარტია, ბარტერული, ფაქტორია, ექსპანსია, მონოპოლია, კოლონიური, ვაჭარ-ავანტიურისტთაანოტაცია
ჩვენ მიზნად დავისახეთ, შეგვესწავლა XVI-XVIII სს-ის საპაიო კომპანიების ისტორია, მათი როლი თავიანთი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და აღმოსავლეთის ქვეყნების: ინდოეთის, ინდოჩინეთის, ჩინეთის კოლონიურ ექსპანსიაში. ნაშრომში განვიხილავთ ბრიტანეთის, ჰოლანდიის, საფრანგეთის, პორტუგალიის ოსტ - ინდოეთის საპაიო კომპანიებს, რომელთა ისტორია ქართულ ისტორიოგრაფიაში ნაკლებადაა შესწავლილი.
ირკვევა, რომ ინგლისის, ჰოლანდიის, საფრანგეთის და პორტუგალიის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანიები იყო ინდივიდუალური, ერთმანეთისაგან განსხვავებული. საფრანგეთის ოსტ-ინდოეთის კომპანია (1664-1769 წწ) იყო უფრო მდიდარი, ვიდრე სხვა ბრიტანული, ჰოლანდიური, პორტუგალური ოსტ-ინდოეთის კომპანიები. ეს უნდა აიხსნას პირველ რიგში სამეფო ხელისუფლების უდიდესი ფინანსური მხარდაჭერით, ვინაიდან საფრანგეთის მეფე ლუი XIV თავად იყო კომპანიის აქციონერი. უფრო მეტიც, კომპანიაში ვაჭრების გარდა აქციები ჰქონდათ ჩადებული: დედოფალს, კანცლერს, თავადაზნაურობას, მერებს, მდიდარ ქალაქელებს. მეფე აგრეთვე ხშირად ეხმარებოდა გაკოტრებულ აქციონერებს. საჭიროების შემთხვევაში ის კომპანიაში კაპიტალს აბანდებდა. ამაზე მიდიოდა იმიტომ, რომ აღმოსავლეთიდან ქვეყანაში მოედინებოდა დიდძალი საქონელი: ოქრო, ძვირფასი ქვები, მარგალიტი, მარჯანი, ძვირფასი ქსოვილები, სხვადასხვა სანელებლები და ა. შ, რომელიც ტოვებდა დიდ მოგებას. ე.ი. მოგების მიღების სურვილი იდგა წინა პლანზე.
მართალია, ის იყო ყველაზე მდიდარი კომპანია, მაგრამ მან ვერ შეინარჩუნა თავისი მონოპოლია აღმოსავლეთში. პირველ რიგში იმიტომ, რომ ინგლისი უწევდა კონკურენციას, გარდა ამისა აქციონერები არ იყვნენ ერთიანი, კომპანიაში უმეტესობას არ წარმოადგენდა მსხვილი ვაჭრები, კოლონიებში ვერ უზრუნველყოფდნენ ერთიან მმართველობას, ვერ ახერხებდნენ ფლოტის შენახვას, რის შედეგადაც კომპანია დაიშალა.
ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანიამ (1602-1798 წწ) თავის მიზანს მიაღწია - შექმნა კოლონიური იმპერია სამ კონტინენტზე, მოზამბიკიდან იაპონიამდე, რომელიც აკონტროლებდა მსოფლიო ვაჭრობას სანელებლებით. ჰოლანდიის დროშის ქვეშ მცურავი გემები მიემგზავრებოდნენ მსოფლიოს ყველაზე შორეულ მხარეებში - ინდოეთში, მალაიზიაში, ინდოჩინეთში. ჰოლანდიელები მკაცრად მართავდნენ თავიანთ კოლონიებს, ძარცვავდნენ ყველაფერს, რაც შეეძლოთ, ავრცელებდნენ იქ თავიანთი რელიგიას.
ჰოლანდიელები მაინც ჩამორჩებოდნენ გავლენით აღმოსავლეთის რეგიონში პორტუგალიასა და ინგლისს. ბრიტანელები ცდილობდნენ ბოლო მოეღოთ ჰოლანდიელთა მონოპოლიისათვის. 1780 წლის ომის შედეგად ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთის კომპანიამ დაკარგა მილიონობით გულდენი, სავაჭრო გემები და მალე შეწყვიტა არსებობა.
პორტუგალიის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანიამ (1628-1650 წწ.), რომელმაც მიიღო მყისიერი მოგება, ვერ იქცა ქვეყნის მუდმივი შემოსავლის წყაროდ, როგორც ბრიტანეთის და ჰოლანდიის საპაიო კომპანიები. კომპანიაში არ იცავდნენ სავაჭრო წესებს, ადგილობრივების მიმართ ეწეოდნენ ძალმომრეობას და რელიგიურ დევნას, რაც იწვევდა მათ მიმართ სიძულვილს და უკარგავდა სახელს კომპანიას, მაგრამ მან თავისი ხანმოკლე არსებობის მანძილზე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აღმოსავლეთის საქონლის შემოდინებაში, აღმოსავლეთის კოლონიურ ექსპანსიაში და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
ინგლისის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანია განსხვავდებოდა სხვა კომპანიებისაგან. ინგლისს გააჩნდა მაუდის წარმოებისა და ვაჭრობის დიდი გამოცდილება. კოლონიურ ქვეყნებში შეჰქონდა დიდი ოდენობის უხეში მაუდის ქსოვილები, რაზეც დიდი მოთხოვნილება იყო და არა ძვირად ღირებული მაუდი, რომელიც მოგებას არ ტოვებდა. ბრიტანეთში შემოჰქონდათ აღმოსავლეთის საქონელი სხვა საპაიო კომპანიების მსგავსად, ჰყიდდნენ ზედმეტ ფასებში, რაც ასევე უტოვებდა ქვეყანას დიდძალ მოგებას. ბრიტანეთის საპაიო კომპანიაში სხვა საპაიო კომპანიებისაგან განსხვავებით იყო მკაცრი დისციპლინა, კომპანიაში არ დაიშვებოდა არცერთი უცხოელი, ჰყავდათ კარგი მმართველები, ჰქონდათ ერთიანობა. დიდმა მოგებამ, სავაჭრო კაპიტალის დაგროვებამ განაპირობა საბოლოოდ ბრიტანეთის საპაიო კომპანიის გავლენის გაძლიერება და მისი მონოპოლიის შენარჩუნება აღმოსავლეთში.
ამრიგად, ინგლისის, ჰოლანდიის, საფრანგეთის და პორტუგალიის საპაიო კომპანიები იყვნენ გავლენიანი და მდიდარი კომპანიები. მათი მიზანი იყო მოგების მიღება აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და მიაღწიეს კიდეც ამას. გარდა ამისა აღნიშნულმა კომპანიებმა მოახდინეს აღმოსავლეთის ქვეყნების კოლონიური ექსპანსია და გავლენა იქონიეს თავიანთი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე.

































