ბაირონის რელიგიურ-ფილოსოფიური პრობლემატიკა
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.5.2022.5945საკვანძო სიტყვები:
რომანტიზმი, ბაირონი, რელიგიური, ფილოსოფიური, ბაირონიზმიანოტაცია
ლიტერატურათმცოდნეობაში ცნობილია, რომ რომანტიკული ლიტერატურის სულიერი საზრდო ქრისტიანული მსოფლმხედველობა იყო. ამიტომაც, ბაირონის შემოქმედების საკვლევ საკითხთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირა რელიგიურმა პრობლემატიკამ, რადგან იგი ხშირად მიმართავდა ბიბლიურ თემებს.
ზოგადად, ამ თემების გამოყენება მსოფლიო ხელოვნებასა თუ ლიტერატურაში თანამედროვე სალიტერატურო კრიტიკის ერთ-ერთი ძირითადი საკითხია. ამას ისიც განაპირობებს, რომ ბოლო ხანებში გაიზარდა ინტერესი ევროპული კულტურის სულიერი საფუძვლების მიმართ. განსაკუთრებით მე-20 საუკუნის ოცდაათიანი წლების შემდეგ ინგლისსა და ამერიკაში ბაირონის შემოქმედების როგორც რელიგიური, ასევე ფილოსოფიური საკითხები კვლევის საგნად იქცა. მოცემული თემა ამ დიდი საკითხის მოკლედ განხილვის მცდელობას წარმოადგენს. ასევე, საინტერესო იქნება ზოგიერთი პარალელი ქართულ რომანტიზმთან.
ბაირონის შემოქმედებით დაინტერესებული მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პოეტის შეხედულებები რელიგიის შესახებ არ ატარებდა სისტემურ ხასიათს, იგი იხრებოდა კალვინიზმისკენ და დეისტური მსოფლმხედველობით იყო ნასაზრდოები. ამასთან ერთად, იგი არასდროს წყვეტდა კავშირს სკეპტიციზმსა და რაციონალიზმთან, თუმცა, ამავე დროს, მან უარყო ვოლტერისეული მშრალი რაციონალიზმი. ძირითადი ფაქტორები, რომელმაც განაპირობა პოეტის რელიგიურ-ფილოსოფიურ შეხედულებათა არამყარი და რთული განვითარება, იყო ბაირონის მაღალი ინტელექტუალიზმი და ამ კუთხით მისი აქტივობა. ასევე, დიდი როლი ითამაშა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებმა, მათმა მიღწევებმა და იმ ეპოქის რაციონალისტურმა სულმა.
ბაირონი ყოველთვის ცდილობდა იმის დაჯერებას, რომ სამყარო მოწესრიგებულია და, ასე ვთქვათ, კეთილგანწყობილი. შემდეგ კი მთელი ემოციითა და სიბრაზით ეძებდა წამოჭრილ კითხვებზე პასუხის გაცემას.
ბაირონს მთელი ცხოვრების განმავლობაში სწამდა რწმენის აუცილებლობა ადამიანისათვის, რომელიც მას ეხმარებოდა მორალური სისავსისა და სამყაროს საყრდენი ძალის გაცნობიერებაში. იგი არ იყო მართმადიდებელი ქრისტიანი. ინტელექტუალური პატიოსნებისა და გონების ცნობისმოყვარეობის გამო პოეტი იძულებული იყო მიემართა სხვადასხვა რელიგურ-ფილოსოფიური და ეთიკური დოქტრინების ანალიზისათვის, რომლებიც ვერ იძლეოდნენ მისთვის დამაკმაყოფილებელ პასუხებს წამოჭრილ ონტოლოგიურ კითხვებზე. ამ საკითხის მხატვრულად გადაწყვეტის მიზნით პოეტი ქმნის ყოფიერების არსისა და ადმიანის ურთიერთქმედების მისთვის უნივერსალურ მოდელს.
ასევე ნაშრომში საინტერესო სურათს იძლევა ბაირონის შემოქმედების შედარება ქართველ რომანტიკოსებთან.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .