მორფემათა ზღვარზე ხმოვანთკომპლექსების ფონეტიკური ცვლილებები შიდა ქართლში მცხოვრებ აჭარელთა მეტყველებაში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9813საკვანძო სიტყვები:
შიდა ქართლი, აჭარული დიალექტი, ხმოვანთკომპლექსები, მორფემა, ფონეტიკური ცვლილებაანოტაცია
წარმოდგენილ სამეცნიერო სტატიაში განხილულია შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წითელუბანში, შავშვებსა და ნაწრეტში მცხოვრებ აჭარელთა მეტყველებაში მორფემათა ზღვარზე ხმოვანთკომპლექსების ფონეტიკური ცვლილებების ტენდენია, რეალიზაციის შემთხვევები და სიხშირე. კვლევა ემყარება სხვადასხვა დროს ჩვენ მიერ ჩაწერილ და გამოქვეყნებულ დიალექტურ ტექსტებს.
წითელუბნის, შავშვებისა და ნაწრეტის მეტყველებაში დასტურდება ქართლურთან აჭარულის და მესხურ-ჯავახურის სამეტყველო კოდთა შერევის შემთხვევები. შიდა ქართლის ამ სოფლებში მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში გადმოსახლდნენ საცხოვრებლად ხულოს რაიონის სოფელ ჩაოდან, მოგვიანებით სამცხე-ჯავახეთიდან (სოფელი ხიზაბავრა) და ქართლის სხვადასხვა კუთხიდან (ისტორიული სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობა).
ხმოვანთკომპლექსთა ცვლილება უპირატესად დადასტურდა სიტყვის თავკიდურ და ბოლოკიდურ პოზიციაში. საყურადღებოა, ასიმილაციისა და დისიმილაციის გამოვლენის სამი მარკერი: ლოკალური რიგი (საწარმოთქმო ადგილი), ღიაობა (აწეულობა) და ლაბიალურობა.
ზმნისწინისეული ხმოვანი იცვლება კომპლექსებში რეგრესული, კონტაქტური, სრული ასიმილაციის შედეგად. აე→ეე: წეეღო ( ←წაეღო), გეეღო (←გაეღო); ოე→ეე: მეერია (←მოერია), მეეკიდა (← მოეკიდა); აუ→უუ: უუწია (←აუწია), დუუდებენ (←დაუდებენ) ; ეუ →უუ: შუუკრა (←შეუკრა); აი→იი: იმიტანა (←ამიტანა), დიმიყვირა (←დამიყვირა)… კომპლექსთა ცვლილება ხდება არა მარტო მეზობლად მყოფ ხმოვნებს შორის, არამედ დისტანციურად, თანხმოვნით დაშორებულ ელემენტებს შორისაც, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ზმნას რთული ზმნისწინი დაერთვის. ცვლილებას განიცდის რთული ზმნისწინის ორივე ხმოვნითი ელემენტი: გიდიმიყარა გიდიმიყარა (←გადამიყარა). ეს მოვლენა შიდაქართლურისთვისაც არის დამახასიათებელი, მხოლოდ განსხვავებულია ხმოვანთა ცვლილება: გემეერჩია (←გამოერჩია), წემეეყვანა (←წამოეყვანა).
სრული რეგრესული ასიმილაციით მიღებული ეე განიცდის რეგრესულ დისიმილაციას. აე→ეე→იე: გიეკიდა (←გეეკიდა ←გაეკიდა), დიესიენ (←დეესიენ←დაესიენ). ხმოვანთა დისიმილაცია გვხვდება სახელებში ბოლოკიდურ პოზიციაში. ეე→ იე→ჲე: ხეები → ხიები →ხჲები; რძეები→რძიები→რძჲები.
კვლევამ აჩვენა, რომ წითელუბნის, შავშვებისა და ნაწრეტის მეტყველებაში მორფემათა ზღვარზე ხმოვანთკომპლექსთა ფონეტიკური ცვლილებების ძირითადი ტენდენციები საერთო ქართულია, თუმცა დასტურდება გარკვეული მოდიფიკაციებიც, რომელიც განპირობებულია დიალექტის შინაგანი კანონებით, მოსახლეობის მიგრაციითა და სამეტყველო კოდთა შერევით.
კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები მნიშვნელოვანია ქართველური დიალექტოლოგიის და, საერთოდ, ქართული სალიტერატურო ენის საკვანძო საკითხების დიაქრონიული ანალიზისათვის.

































