თამთა მხარგრძელი ხლათის სასულთნოსა და მონღოლურ სახელმწიფოთა ურთიერთობების ჰორიზონტზე XIII საუკუნეში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9787საკვანძო სიტყვები:
დიპლომატიური ქორწინება, კულტურა, ძალაუფლება, რელიგია, პოლიტიკაანოტაცია
სტატიის მიზანია ნათელი მოჰფინოს ხლათის თურქულ სასულთნოს, მეზობელ მონღოლურ სახელმწიფოსა და საქართველოს სამეფოს შორის არსებულ ურთიერთობებს, ასევე გვსურს, მკაფიოდ წარმოვაჩინოთ თამთა მხარგრძელის როლი მეზობელი სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ასპექტში. სტატია ხელს შეუწყობს XIII საუკუნის დასაწყისში ხლათის სასულთნოში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარების აღწერას და იგი გადმოსცემს ადგილობრივი ხელისუფლების ურთიერთობებს, როგორც მახლობელ ქრისტიანულ სახელმწიფოებთან (იგულისხმება საქართველოს სამეფო), ასევე ცენტრალური აზიიდან შემოჭრილი მონღოლური სახელმწიფოების მეთაურებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია დიპლომატიური ურთიერთობების სწრაფად წარმართვისა და წარმოების პროცესში თამთა მხარგრძელის, როგორც შუამავლის, როლის წარმოჩენა. სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, თამთას მიერ უმეთაუროდ დარჩენილი ხლათის სასულთნოს დროებითი მმართველის პოზიციისა და მისი, როგორც დიპლომატის, მოღვაწეობის აღწერა. XIII საუკუნეში თამთა მხარგრძელის პიროვნება დიპლომატიური ურთიერთობების კუთხით მკაფიოდ ასოცირდებოდა საქართველოს სამეფოსა და მის მეზობელ მუსლიმურ სახელმწიფოებთან მიმართებაში. საკვლევი თემა წარმოაჩენს ქართველების როლს მეზობელი ხლათის სასულთნოსა და მონღოლურ სახელმწიფოებში, აღწერს მათ ღვაწლსა და მნიშვნელობას. საკვლევი საკითხი ქართულ ისტორიულ წყაროებსა და შრომებში ნაკლებად არის დამუშავებული. კონკრეტული კვლევა ხელს შეუწყობს შუა საუკუნეების მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის აღწერას და იგი ნათლად მიუთითებს ქართველთა როლზე (იგულისხმება ქალების როლი და მათი პოზიცია) მეზობელი ქვეყნების სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში. კვლევა აღადგენს იმ ისტორიულ პერსპექტივებს, რომლებიც XIII საუკუნის საქართველოსა და მეზობელ თურქულ-მონღოლურ სახელმწიფოებთან დიპლომატიურ და სამხედრო-პოლიტიკურ ურთიერთობებში წარმოჩინდა და იგი ნათელი მაგალითი იქნება ამ პროცესების გაანალიზებისა და დამუშავების საკითხში.

































