არამუსლიმთა ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების ზოგიერთი წყარო ოსმალეთის იმპერიაში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11619საკვანძო სიტყვები:
„მედინის ხელშეკრულება“, „გულჰანეს ჰატი -შერიფი“, „ჰატი ჰუმაიუნები“, „1876 წლის ოსმალეთის იმპერიის კონსტიტუცია“, „რუმელიის ვილაეთის წესდება“, „ჯიზიე“, „ისფენჯი“, „დევშირმე“ანოტაცია
ოსმალეთის იმპერიაში არამუსლიმებთან ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირება ხორციელდებოდა, როგორც კონკრეტული სამართლებრივი აქტების, ისე სამართლებრივი ინსტიტუტების, სპეციალური გადასახადებისა და სხვა მექანიზმების მეშვეობით. ნაშრომში შესწავლილია არამუსლიმებთან და არამუსლიმთა შორის ურთიერთობების მარეგულირებელი ძირითადი სამართლებრივი აქტები. გაანალიზებულია „მედინის ხელშეკრულების“ როლი ეთნიკურად და რელიგიურად პლურალური სახელმწიფოს ჩამოყალიბების საფუძვლების მომზადებაში. აღნიშნულია მუსლიმური სამართლის კლასიკურ წყაროებში არამუსლიმი ქვეშევრდომების მიმართ მეტნაკლებად ლოიალური დამოკიდებულების არსებობა. გაშუქებულია „გულჰანეს ჰატი-შერიფი“ და „ჰატი ჰუმაიუნები“, როგორც დოკუმენტები, რომლებმაც კანონმდებლობით განამტკიცეს არამუსლიმთა სარწმუნოებრივი გაერთიანებების ავტონომიურობა და სარწმუნოების მიუხედავად, ოსმალეთის იმპერიის ყველა ქვეშევრდომის სიცოცხლის, ღირსებისა და ქონების დაცვის, ასევე კანონის წინაშე გათანაბრების ვალდებულება. განხილულია „1876 წლის ოსმალეთის იმპერიის კონსტიტუცია“ არამუსლიმებთან დამოკიდებულებისა და სამართლებრივ-პოლიტიკური კომპრომისის კონტექსტში. მიმოხილულია „ჯიზიე“, „ისფენჯი“ და „დევშირმე“, როგორც არამუსლიმთა მიმართ დადგენილი საგადასახადო სისტემის ელემენტები, აგრეთვე მათი ჩაცმულობისა და ყოფის თავისებურებები. ნაჩვენებია, რომ მიუხედავად აღნიშნულ სამართლებრივ აქტებში დეკლარირებული მიზნებისა, ისინი უპირველესად ოსმალეთის იმპერიის მმართველობის განმტკიცებას ემსახურებოდნენ და არამუსლიმებს მუსლიმებთან შედარებით არათანაბარ პირობებში აყენებდნენ, რაც აისახებოდა კიდეც რელიგიურ, პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ სფეროებში.

































