იბადიური ისლამის გავლენა ომანის სასულთნოს შიდა და საგარეო პოლიტიკაზე
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8273საკვანძო სიტყვები:
კონფლიქტები, ერთიანობა, დიპლომატია, ომანი, იბადია/იბადიზმიანოტაცია
ჰამასის მიერ ისრაელის წინააღმდეგ 2023 წლის 7 ოქტომბერს მოწყობილი ტერაქტის შემდეგ, რომლის საპასუხოდაც ღაზას სექტორში დაწყებული სამხედრო ოპერაცია, რომელიც მეტ-ნაკლები ინტენსივობით ნახევარი წლის გასვლის შემდეგაც გრძელდება და თანამდევი მოვლენების გამო, პარალელურად, ირან-ისრაელის უკიდურეს დაძაბულობაში გადაიზარდა, მსოფლიო ახალი მსხვილ მასშტაბიანი რეგიონული დაპირისპირების რისკის წინაშე დადგა. სწორედ აღნიშნული ფაქტორების გამო კვლავ ჩნდება კითხვები იმის შესახებ, რომ არსებობს თუ არა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სხვადასხვა მიზეზებით პერიოდულად წამოჭრილი კონფლიქტების დიპლომატიურად გადაჭრის სულ მცირე შესაძლებლობა, გვაქვს თუ არა რეგიონში შემავალი ამა თუ იმ ქვეყნების უახლეს ისტორიაში აღნიშნული ფენომენის თვალსაჩინო მაგალითები? რამდენად არის გახსნილი მუსლიმური სამყარო მშვიდობიანი გზით კონფლიქტების გადაჭრისადმი. ასევე რომელი ქვეყანა წარმოადგენს ამ მხრივ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პრეცედენტს და ისლამში არსებული ძირითადი მიმდინარეობებიდან რომელი მათგანია უფრო მოქნილი აღნიშნული გამოწვევების დაძლევის საკითხებში?
ახლო აღმოსავლეთის უახლეს ისტორიაში მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება. ხშირია მაგალითები, როდესაც გუშინდელი დაპირისპირებული მხარეები ურთიერთობის ნორმალიზებას ახერხებენ, მაგ. აშშ-ის ექს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინს, მაროკოსა და ოდნავ მოგვიანებით სუდანს შორის დადებული აბრაამის შეთანხმება. არის შემთხვევები, როდესაც პარტნიორული ურთიერთობები დროებით წყდება და იძაბება. მაგალითად, ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის 2017 წელს კატარის ირანთან კავშირისა და ტერორიზმისთვის ხელშეწყობის ბრალდების ნიადაგზე წარმოქმნილი განხეთქილება, რომელიც 2021 წლამდე გაგრძელდა.