ოსმალური თიხის ჩიბუხები პეტრას ციხიდან
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.5.2022.5948საკვანძო სიტყვები:
პეტრა-ციხისძირი, თიხის ჩიბუხი, შროშანის ფორმის ჩიბუხი, დისკოს ფორმის ბაზის ჩიბუხი, მრგვალი ჯამი, ბიკონუსური ჯამი, კვამლის საქაჩი ღეროანოტაცია
თქვენ წინაშე წარმოდგენილი ნაშრომი ეძღვნება ორიგინალურ კერამიკულ ნაკეთობებს - თამბაქოს მოსაწევ თიხის ჩიბუხებს, რომლებიც მრავლადაა აღმოჩენილი ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების, განსაკუთრებით სამხედრო - სტრატეგიული ობიექტების - ციხესიმაგრეების გათხრების დროს. აღნიშნული არტეფაქტების ასეთ სპეციფიკურ გარემოში მიკვლევის ფაქტი არ არის გასაკვირი, რადგან, როგორც ევროპის, ასევე აღმოსავლეთის ქვეყნებში, თამბაქოს (მათ შორის - ჩიბუხის) აქტიურ მომხმარებლებად, მეტწილად, სამხედრო მოსამსახურეები გვევლინებიან. ამ კონტექსტში გამონაკლისი არც ჩვენი რეგიონია. ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს საქართველოს ზღვისპირეთის ისტორიული ძეგლის - პეტრას ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი თამბაქოს მოსაწევი ოსმალური თიხის ჩიბუხები, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ექსპედიციის სხვადასხვა თაობის მიერ 1964 და 1985 წლებში იყო აღმოჩენილი.
აღნიშნული არტეფაქტების კვლევა საინტერესოა და აქტუალურიც, რადგან, დღესაც, ქართველ არქეოლოგთა შორის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა ჩვენ ქვეყანაში თამბაქოს მოსაწევი ოსმალური თიხის ჩიბუხების გავრცელების საწყისს პერიოდთან დაკავშირებით, რაც, არცთუ იშვიათად, არაერთგვაროვნად აისახება არათუ ჩიბუხების, არამედ თანმხლები მასალის დათარიღების პროცესში. ევროპელ და თურქ მკვლევართა ნაშრომების გაცნობის შემდეგ, ჩვენ უფრო მეტი საფუძველი გვაქვს თამბაქოს მოსაწევი ოსმალური თიხის ჩიბუხების გამოჩენა საქართველოს ტერიტორიაზე XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ვივარაუდოთ, როდესაც სულთან იბრაჰიმ I-ს დროს, ნაწილობრივ გაუქმდა შეზღუდვა თამბაქოს მოხმარებაზე. ამ ვარაუდს ამყარებს საქართველოს გვიანი შუასაუკუნეების ძეგლებზე მიკვლეული არქეოლოგიური მასალა, სადაც მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს XVII საუკუნის ნიმუშები, ხოლო მეტი წილი მოდის XVIII-XIX საუკუნეების ნაკეთობებზე.
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში თამბაქოს მოსაწევი თიხის ჩიბუხები ყველაზე დიდი რაოდენობით აღმოჩენილია გონიო-აფსაროსის და პეტრას ციხის ტერიტორიაზე, სადაც, კონკრეტულ პერიოდში, ოსმალური ელემენტი იყო წარმოდგენილი, რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, რეგლამენტირებული (სამხედრო სამსახური), მაგრამ ცხოვრების ტრადიციული წესის ნიშნებით. გონიო-აფსაროსის არქეოლოგიური მასალა უფრო მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია, რადგან ოსმალებმა ციხე გაცილებით ადრე დაიკავეს და უფრო დიდხანსაც „შემორჩენ“, ვიდრე პეტრა-ციხისძირში. შესაბამისად, თუ გონიო-აფსაროსში აღმოჩენილი თამბაქოს მოსაწევი თიხის ჩიბუხების ასაკი XVII-XIX საუკუნეებით განისაზღვრება, პეტრას ციხეზე მიკვლეული მსგავსი არტეფაქტები XVIII-XIX საუკუნეებით თარიღდება, რაც, სრულ ქრონოლოგიურ თანხვედრაშია ისტორიულ წყაროებში მითითებულ პეტრა-ციხისძირში ოსმალთა „მოღვაწეობის“ პერიოდთან.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .