თანგის დინასტიის სამხედრო რეფორმებისა და იმპერიის დაღმასვლის ურთიერთკავშირები
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9786საკვანძო სიტყვები:
სამხედრო რეფორმები, ან ლუშანის აჯანყება, თანგის დინასტია, ფუპინგი, მიწების თანაბრად გადანაწილების სისტემაანოტაცია
VIII საუკუნის პირველი ნახევარი არა მარტო თანგის დინასტიის ზეობის მწვერვალს წარმოადგენს, არამედ ხშირად მიჩნეულია, როგორც ჩინეთის ოქროს ხანადაც. თუმცა მწვერვალს ყოველთვის მოჰყვება დაღმასვლა, რაც თანგის დინასტიის შემთხვევაში საუკუნის II ნახევრიდან იწყება. რა გახდა ამის მთავარი მიზეზი? ამის პასუხი ერთი შეხედვით ძალიან მარტივია, თუ შევხედავთ ჩვენს მიერ ნახსენებ საკვანძო პერიოდს. ეს იყო ან ლუშანის აჯანყება (756-762), რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან და დამანგრეველ მოვლენად ითვლება ჩინეთის ისტორიაში.
თუმცა ან ლუშანის აჯანყება რეალურად მხოლოდ საბოლოო გამოვლინება იყო იმ გადაუჭრელი პრობლემებისა, რომლებიც იმპერიას თან სდევდა ათეულობით წლების განმავლობაში და საბოლოოდ მისი შეუქცევადი დაღმასვლის პროცესიც გამოიწვია. საკითხის ძირეულად გამოსაკვლევად საჭიროა თითოეული პრობლემა გაშლილი იყოს და კარგად გაანალიზებული, რათა ნათელი გახდეს მათი სიმწვავე და მნიშვნელობა.
დიდი ნაწილი მეცნიერებისა მიიჩნევს, რომ მთავარი მიზეზი თანგის დინასტიის დაქვეითებისა VIII საუკუნეში გატარებული სამხედრო რეფორმები იყო, რომელმაც ხელი შეუწყო აჯანყების დაწყებას. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა იმ 20 წლიან პერიოდს, როდესაც იმპერატორი სუენწუნგი აჯანყების მოხდენამდე თითქმის მთლიანად ჩამოშორდა იმპერიის საკითხების მოგვარების პროცესს. ამან, გარდა იმისა, რომ დაასუსტა იმპერატორის ინსტიტუტი, ასევე ხელი შეუწყო შიდა ფრაქციების შექმნას, რომელიც თანდათან ძლიერდებოდნენ.
სტატია ყურადღებას ამახვილებს „მიწის თანაბრად გადანაწილების სისტემის“ რღვევის პროცესსა და მისი ზოგად გავლენაზე. აღნიშნული სისტემა იმპერიის VII საუკუნის I ნახევრიდან თანგის იმპერიის სამხედრო და ეკონომიკური სტრუქტურის დასაყრდენი იყო. ამასთანავე, ეს პროცესი გახდა სხვა უფრო ღრმა ცვლილების მიზეზი ჩინეთის ისტორიაში, რაც თავისუფალი გლეხობის ფენის გაქრობაში გამოიხატა.

































