სამურაი - იაპონიის ისტორიის განუყოფელი ნაწილი
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7796საკვანძო სიტყვები:
სამურაი, იაპონია, ძენ-ბუდიზმი, ბუშიდო, შიოგუნატიანოტაცია
წარმოდგენილ ნაშრომში განხილული და გაანალიზებულია იაპონური სპეციფიკური ფენომენის - სამურაების ცხოვრება - მოღვაწეობა, მათი აღზევება სამხედრო ასპარეზზე და ბოლოს - აღსასრული. ამ ჭრილში ყურადღება გამახვილებულია მათ მორალურ-ეთიკური ქცევების კოდექსზე - ბუშიდოზე, იდეოლოგიაზე, ცხოვრების წესზე, სამხედრო ხელოვნებაზე და სხვ. ამთავითვე ხაზგასასმელია, რომ სამურაების ფენა იაპონიის ისტორიის განუყოფელ კომპონენტს წარმოადგენს, რამდენადაც მთელი შუა საუკუნეების ხანგრძლივი დროის მანძილზე, ის ერთ-ერთ მთავარ აქტორს წარმოადგენდა ქვეყნის პოლიტიკურ, სამხედრო და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. სამურაები ისტორიის ასპარეზზე პირველად VIII საუკუნეში გამოჩნდნენ, როგორც ცალკეულ ფეოდალთა შეიარაღებული რაზმები. იმ დროიდან მოყოლებული, მათი სტატუსი და მნიშვნელობა თანდათან მატულობდა, რაც უშუალო კავშირში იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან. ამაში, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრება პერმანენტული შიდა ომები ფეოდალურ საგვარეულოებს შორის, რომელთა მთავარ აქტორებს სწორედ სამურაები წარმოადგენდნენ. ისინი ვალდებულნი იყვნენ ერთგული სამსახური გაეწიათ თავიანთი ბატონისათვის, დაეცვათ მისი ინტერესები როგორც ომიანობის, ისე მშვიდობიანობის პერიოდში.
ძლიერების ზენიტს სამურაებმა XVI საუკუნეში მიაღწიეს, როდესაც ისინი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრივილეგირებულ კლასად ჩამოყალიბდნენ. თუმცა, მოგვიანებით, მათმა სტატუსმა რადიკალურად იცვალა სახე, რაც დაკავშირებული იყო 1867/1868 წლების ბურჟუაზიულ რევოლუციასთან და იაპონიაში მიმდინარე ე. წ. მეიჯის რეფორმებთან. აღნიშნული მოვლენების შედეგს წარმოადგენდა სამხედრო-ფეოდალური სისტემის - შიოგუნატის დამხობა და იმპერატორის ერთპიროვნული მმართველობის აღდგენა იაპონიაში. ახალ ისტორიულ რეალობაში, როდესაც იაპონია განვითარების ვესტერნიზაციის გზას დაადგა, სამურაების სამხედრო შენაერთები უკვე ფეოდალური წყობილების დრომოჭმულ გადმონაშთად იქნა აღიარებული. ამიტომაც სამურაების ლაშქარი გაუქმებულად გამოცხადდა და შესაბამისად, ის უკვე ისტორიის კუთვნილებად იქცა.